როგორ ვებრძოლოთ მაღალ წნევას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.04, 2021 წელი
არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რაციონალურ კვებას.
კარტოფილი – განსაკუთრებით სასარგებლოა კანიანად მოხარშული. ის მდიდარია კალიუმითა და მაგნიუმით, რომლებიც წნევის ნორმალიზებას უწყობს ხელს.
ლობიო (ზოგადად პარკოსნები) – მდიდარია უჯრედისით, კალიუმითა და მაგნიუმით, რომლებიც უზრუნველყოფს არტერიული წნევის ოპტიმალურ დონეს. ასე რომ, რეგულარულად ჩართეთ ისინი საკვებ რაციონში.
რძე და რძის ნაწარმი – საკვებ რაციონში რძის ნაწარმის რეგულარულად ჩართვა არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს 11 %-ით ამცირებს. სასურველია, დილა რძეზე მომზადებული ფაფით დაიწყოთ ან დალიოთ ერთი ჭიქა რძე.
კაკაო – კვლევებმა აჩვენა, რომ კაკაოს ნატურალური ფხვნილის შემცველი პროდუქტები წნევას აქვეითებს.
ბანანი – კალიუმის საუკეთესო წყაროა. ასე რომ, მაღალი არტერიული წნევის საპროფილაქტიკოდ ის ყოვედღიურად მიირთვით.
მაღალ წნევასთან გამკლავებაში, ასევე, დაგეხმარებათ:
• 1 სუფრის კოვზ ასკილის ნაყოფს დაასხით 3 ჭიქა წყალი, აადუღეთ ორჯერ და გააჩერეთ ორთქლზე 3 საათი. დალიეთ დღის განმავლობაში ცხელი ჩაის სახით. ამ დროს ჯობს, ხორცეული არ მიიღოთ;
• 20 გრამ ხმელ დაქუცმაცებულ კუნელის ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 30 წუთი, გადაწურეთ და შეავსეთ წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ;
• 2 სუფრის კოვზ შავი მოცხარის მშრალ ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე, გააჩერეთ 1 საათი და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი დღეში ოთხჯერ;
👉არ დაივიწყოთ, რომ არტერიული წნევის დროს რეკომენდებულია ფეხების ცხელი აბაზანები. რა თქმა უნდა, თუ თრომბი ან ვენების გაგანიერება არ გაწუხებთ. კიდევ უფრო ეფექტურია კონტრასტული აბაზანები. პირველად ფეხები ჩააწყვეთ ცხელ წყალში, შემდეგ 30 წამი – ცივში. ასე ცვალეთ წყლის ტემპერატურა 10 წუთის განმავლობაში.
👉წნევის უეცარი მატება შეიძლება ნებისმიერ ადამიანს აღენიშნებოდეს. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ძლიერი ემოციური განცდები, უეცარი და სერიოზული ფიზიკური დატვირთვა, უძილობა ან სხვა. ამ სიმპტომების გამომწვევია სტრესული ჰორმონი ადრენალინი, რომელიც აიძულებს გულს, ხშირად შეიკუმშოს, ხოლო სისხლძარღვები ვიწროვდება, შედეგად კი არ არის გამორიცხული, სისხლის წნევამ საშიშ ზღვრამდეც კი აიწიოს.
👉ადრენალინთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ჰაერზე ფეხით სეირნობა ან მსუბუქი გარბენა. ამ დროს მშვიდდება ნერვები და სისხლი ჟანგბადით ივსება.
👉ზოგადად, ჰიპერტონიის დროს სასურველია, დამამშვიდებელი, ძარღვების გამაფართოებელი და შარდმდენი ბალახების მიღება. მაგალითად: შავბალახა, კატაბალახა, ბარამბო, წიწმატურა, კუნელისა და ასკილის ნაყოფი, პიტნა.
👉მაღალ წნევას დაბლა სწევს, თუ ყოველდღე ერთ კბილ ნიორს შეჭამთ – მისი შემადგენელი ნივთიერება ალიცინი ხსნის სისხლძარღვების სპაზმებს და ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან